Friday, November 13, 2015

მაწვიმდა გულზე



download (1).jpg


  გუშინ ღამით გვიანობამდე ვერ დავიძინე. ფანჯრიდან მოგუდული ხმები შემოდიოდა. მივხვდი, რომ ეზოში უბნის ბიჭ–ბუჭები იყვნენ შეკრებილი და რაღაცს ლაზღანდარობდნენ.   

 ძალიან სამწუხაროა, თუმცა უკვე ჩვეული, ამ ასაკის ბიჭების ასეთი ყოფა. ეს კიდე ცალკე სატკივარია ჩვენი რეალობისა, მაგრამ ამ ჯერად სხვა სატკივარზე მინდა გავამახვილო  ყურადღება.

ჩაძინებულს უეცრად გამომეღვიძა ხმამაღალ შეძახილზე. საშინელი გინების კორიანტელი იდგა ეზოში. 

საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ერში ყოველთვის იყო გავრცელებული სალანძღავ–საგინებელი სიტყვების ხმარება, ის კი არა და ხშირად დარბაისლობას მოკლებული ხალხი თავად ასწავლიდა ხოლმე პატარებს მსგავს სიტყვებს, არიქა და არ ჩამოგვრჩენ მშობლებსო. მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ  ბილწსიტყვაობებს შორის  გინება იყო ლანძღვის უკიდურესი ფორმა და ძველად ასე ხელაღებით ერთმანეთს დედას არ აგინებდნენ და თუ შეაგინებდნენ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამაზე პასუხიც საკადრისი მოეკითხებოდათ. თუმცა, ადრე თუ დედას ერთმენეთს აგინებდნენ, რაც  მიუღებელი და ამაზრზენია, დღეს ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ ვერაფრით  ვერ მომიძებნია ამ ფაქტს შესაფერისი, საშინელების სისრულის გამომხატველი სიტყვა. ერთი კია, როდესაც მსგავსი რამ მესმის, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვაჟიშვილი არ მომცა.

ადამიანებო!  

როდის გაგვიწყრა ღმერთი ისე, რომ საკუთარი დედის  გინება დავიწყეთ ქართველებმა?!
როდის და რატომ დავეცით ასე? რა ცოდვის გამო დავისაჯეთ?!  როგორ დავიჯერო, რომ ესმით იმ საშინელი სიტყვების მნიშვნელობა მთელი თავისი სიცხადით და მაინც ამბობენ? შეუძლებელია, გააზრებულად იძახდნენ იმას, რის გამოც სხვას პასუხს აგებინებენ და შეიძლება სიცოცხლესაც გამოასალმონ.

ღმერთმა ადამიანს უდიდესი ნიჭი მისცა სიტყვისა და ჩვენ კი როგორ ბოროტად ვიყენებთ ამ ნიჭს.


რისთვის ვწერ ამ ყველაფერს? იმედი იმისა, რომ რამე შეიცვლება, არ მაქვს. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ხვალიდან ის ,,სანატრელი“ დრო ისევ დაგვიდგება, როცა დედას ერთმანეთს (და არა საკუთარს) აგინებდნენ. არც ის მინდა, ასეთ ნოტაზე დავასრულო, მაგრამ არაფერი მომდის თავში ისეთი რითაც საკუთარ თავსაც ვინუგეშებ და თქვენც გიბიძგებთ ოპტიმისტური განწყობისკენ.