Friday, November 13, 2015

მაწვიმდა გულზე



download (1).jpg


  გუშინ ღამით გვიანობამდე ვერ დავიძინე. ფანჯრიდან მოგუდული ხმები შემოდიოდა. მივხვდი, რომ ეზოში უბნის ბიჭ–ბუჭები იყვნენ შეკრებილი და რაღაცს ლაზღანდარობდნენ.   

 ძალიან სამწუხაროა, თუმცა უკვე ჩვეული, ამ ასაკის ბიჭების ასეთი ყოფა. ეს კიდე ცალკე სატკივარია ჩვენი რეალობისა, მაგრამ ამ ჯერად სხვა სატკივარზე მინდა გავამახვილო  ყურადღება.

ჩაძინებულს უეცრად გამომეღვიძა ხმამაღალ შეძახილზე. საშინელი გინების კორიანტელი იდგა ეზოში. 

საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ერში ყოველთვის იყო გავრცელებული სალანძღავ–საგინებელი სიტყვების ხმარება, ის კი არა და ხშირად დარბაისლობას მოკლებული ხალხი თავად ასწავლიდა ხოლმე პატარებს მსგავს სიტყვებს, არიქა და არ ჩამოგვრჩენ მშობლებსო. მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ  ბილწსიტყვაობებს შორის  გინება იყო ლანძღვის უკიდურესი ფორმა და ძველად ასე ხელაღებით ერთმანეთს დედას არ აგინებდნენ და თუ შეაგინებდნენ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამაზე პასუხიც საკადრისი მოეკითხებოდათ. თუმცა, ადრე თუ დედას ერთმენეთს აგინებდნენ, რაც  მიუღებელი და ამაზრზენია, დღეს ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ ვერაფრით  ვერ მომიძებნია ამ ფაქტს შესაფერისი, საშინელების სისრულის გამომხატველი სიტყვა. ერთი კია, როდესაც მსგავსი რამ მესმის, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვაჟიშვილი არ მომცა.

ადამიანებო!  

როდის გაგვიწყრა ღმერთი ისე, რომ საკუთარი დედის  გინება დავიწყეთ ქართველებმა?!
როდის და რატომ დავეცით ასე? რა ცოდვის გამო დავისაჯეთ?!  როგორ დავიჯერო, რომ ესმით იმ საშინელი სიტყვების მნიშვნელობა მთელი თავისი სიცხადით და მაინც ამბობენ? შეუძლებელია, გააზრებულად იძახდნენ იმას, რის გამოც სხვას პასუხს აგებინებენ და შეიძლება სიცოცხლესაც გამოასალმონ.

ღმერთმა ადამიანს უდიდესი ნიჭი მისცა სიტყვისა და ჩვენ კი როგორ ბოროტად ვიყენებთ ამ ნიჭს.


რისთვის ვწერ ამ ყველაფერს? იმედი იმისა, რომ რამე შეიცვლება, არ მაქვს. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ხვალიდან ის ,,სანატრელი“ დრო ისევ დაგვიდგება, როცა დედას ერთმანეთს (და არა საკუთარს) აგინებდნენ. არც ის მინდა, ასეთ ნოტაზე დავასრულო, მაგრამ არაფერი მომდის თავში ისეთი რითაც საკუთარ თავსაც ვინუგეშებ და თქვენც გიბიძგებთ ოპტიმისტური განწყობისკენ. 

Thursday, October 22, 2015

Daddy's Girl Turns 46 Tomorow


ხვალ ჩემი დაბადებიდან 46 წელი სრულდება.
რაც შენ აღარ ხარ, ამ დღემ თავისი ჩვეული პეწი და სიხარული დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უსაყვარლესი, უძვირფასესი ადამიანი მახვევია გარშემო, და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის, მაინც ვგრძნობ, რომ, ისე, როგორც შენ ხარობდი ჩემი ყოველი დაბადების დღით, ვერავინ ხარობს. ან კი რატომ უნდა ხარობდნენ განსაკუთრებულად. განა რა დღეა ასეთი.
მხოლოდ შენ შეგეძლო ეს დღე გექცია ჩემთვის ჭეშმარიტ დღესასწაულად. არც ერთი წელი არ გავდა სხვას.
ყოველ დილით ვიღვიძებდი არაჩვეულებრივის მოლოდინის გრძნობით.
არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობდა შენთვის ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ, რომ გექცია.
საოცარია, როგორ ახერხებდი ამას.
მიუხედავად უსაზღვრო სიყვარულისა ჩემი ერთადერთი შვილის მიმართ, მე არ გამომდის
იგივე.
ღმერთო ჩემო, როგორ მენატრები, როგორ მაკლიხარ, როგორ არასდროს შუშდება უშენობა.
ღია ჭრილობით ცხოვრება არც ისე ადვილი გამოდგა.
მე და შენ ერთად გავიარეთ შენი ამ სოფელში ყოფნის ბოლო წუთები. როგორ ვიბრძოდი, რომ არ გამეშვი.
მე ვიყავი ის ვინც საბოლოო თვალების დახუჭვამდე დაინახე. მე დაგიხუჭე, ჩემი ხელით ჩემთვის უსაყვარლესი და ზუსტად ჩემნაირი თვალები. მე ვიყავი, ვინც შენი საბოლოოდ გადმოგორებული ცრემლი დაიჭირა.
გილოცავ, მამა, ჩემს ორმოცდა მეექვსე დაბადების დღეს, რომელიც მეცხრე წელია უშენოდ ჩაივლის და კიდევ უფრო გამიღრმავებს ისედაც ღრმა და შეუხორცებელ ჭრილობას.
მიყვარხარ!







Wednesday, September 30, 2015

სად გადის ზღვარი


Картинки по запросу женщина у окна


სად გადის ზღვარი?
მაგალითად, ცნობისმოყვარეობასა  და უზრდელობას შორის , ან ზრუნვასა და აბეზრობას შორის, ან სიყვარულსა და ეგოიზმს შორის.
რატომ გვიჭირს ქართველებს ამ ერთი შეხედვით მარტივი, თითქოს არაფრის მომცემი და უმნიშვნელო ხაზის გავლება.
რატომ არ ვუფიქრდებით, რამდენი ჩვენდაუნებური ტკივილი, დისკომფორტი, შეურაცხოფა შეგვიძლია მივაყენოთ სხვებს  ჩვენი ვითომ და უწყინარი  საკუთარი გადმოსახედიდან ჩვეულებრივი კითხვებით, რჩევებით, ზრუნვითა თუ ფსევდო სიყვარულით.
რატომ გვაკლია სულის სიფაქიზე, გულის სიბრძნე და გონების სიფხიზლე, რომ სხვას არ ვატკინოთ.
იქნებ ეს  ჩარჩოებ აყრილი, უცერემონიო, უტაქტო საქციელი ჩვენი გაუნათლებლობის, უწიგნურობის და უგულისყურობის ბრალია.
რატომ ვამართლებთ   უზრდელობას ცნობისმოყვარეობით, აბეზარ საქციელს ზრუნვით და ეგოისტურ დამოკიდებულებას სიყვარულით.
მოდით გავავლოთ ზღვარი, ჩავსვათ ჩარჩოებში ჩვენი ქმედებები და ზრახვები.
ნუ ვეცდებით სხვის სულში ხელების ფათურს, ნუ დავარღვევთ სხვა, თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანების პირად სივრცეს, ნუ ვეცდებით მოვახვიოთ თავს ჩვენი აზრები და გამოცდილებები.
მერწმუნეთ ამით ბევრ ადამიანს ავარიდებთ ტკივილს და წყენას.